გელათის მონასტერი

 გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელსდავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35 მ x 36 მ სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით.
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო.
გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.

 მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით.

No comments:

Post a Comment